1 უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები! ქერუბებზეა ამხედრებული - შეიძრას დედამიწა.
2 დიდია უფალი სიონში და ამაღლებულია ყველა ხალხზე.
3 აქონ შენი დიადი და საშიში სახელი, რადგან წმიდაა იგი.
4 ძლევამოსილია მეფე და უყვარს სამართალი; შენ დაამკვიდრე მიუკერძოებლობა; სამართალი, სიმართლე აღასრულე იაკობში.
5 აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
6 მის მღვდლებს შორის იყვნენ მოსე და აჰარონი, სამუელი მათ შორის იყო, ვინც მის სახელს მოუხმობდა. ისინი მოუხმობდნენ უფალს და ის პასუხობდა მათ.
7 ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ; დაიცვეს მათ მისი მოწმობანი და დადგენილებანი - მათთვის მიცემული.
8 უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ პასუხობდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, მაგრამ შურისმგებელიც მათ დანაშაულთა გამო.
9 აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთაზე, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.