მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 36

36

1 დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

2 რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.

3 მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.

4 ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს.

5 მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.

6 და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით.

7 დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.

8 მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.

9 რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.

10 კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.

11 ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

12 ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.

13 უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.

14 მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდები, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, და მოსპონ გზიანები.

15 მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება.

16 მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.

17 რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.

18 იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება,

19 არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.

20 რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვით ნასუქი ცხვარნი, გაქრებიან, ვითარცა კვამლი გაქრებიან.

21 ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.

22 რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.

23 უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა, და მის გზას შეიყვარებს.

24 კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.

25 ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი.

26 ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.

27 ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ.

28 რადგან უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.

29 მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.

30 მართალთა ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.

31 რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.

32 ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს.

33 მაგრამ უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.

34 მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.

35 მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული, ვითარცა ხე ამწვანებული.

36 მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ.

37 დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.

38 ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.

39 ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.

40 და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150