1 გუნდის ლოტბარს. „შოშანისებურად” კორახის ძეთა. მოძღვრება; გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა ნაზი სიმღერა რასაც მე ვამბობ, მეფეს ეკუთვნის; ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა.
2 ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 წელზე შეიბი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და შენი მშვენებით.
4 და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და გიჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 მთელი შენი სამოსი – ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 და დატკბება მეფე შენი მშვენებით – რადგან ის არის შენი უფალი –, და თაყვანი ეცი მას.
12 და ასულნი ცორისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი, მოჰყავთ შენთან.
15 მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სასახლეში.
16 შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე.
17 გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.