მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 17

17

1 გუნდის ლოტბარს. უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვანი ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრისა და საულის ხელთაგან. და თქვა:

2 შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.

3 უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო, და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, – ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.

4 ქებით მოვუხმობ უფალს, და მტრებისაგან გადავრჩები.

5 გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.

6 შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილს ხაფანგები გადამეღობა.

7 გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.

8 შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.

9 აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერცხლები აღმოენთნენ მისგან.

10 დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფერხთა ქვეშ – ნისლი უკუნი.

11 ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.

12 წყვდიადი თავის საფარველად აქცია; ქუფრ მძიმე ღრუბლებში შეეფარა.

13 მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერცხლები.

14 და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერცხლებით.

15 გაუშვა ისრები და მიმოფანტა და განაბნია ელვანი მრავალნი.

16 და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა, და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.

17 გამომიწოდა ხელი სიმაღლიდან, ამომიყვანა; მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.

18 დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.

19 ადგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.

20 გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.

21 მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.

22 ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;

23 ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.

24 უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.

25 და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.

26 გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს – გულმართლად;

27 ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს – უკუღმართად;

28 რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.

29 ამიტომ ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.

30 შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.

31 უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.

32 რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?

33 ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.

34 ჩემს წვივებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.

35 ომს ასწავლის ჩემს ხელებს, და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.

36 მომეცი ფარი შენი ხსნისა, და შემეწიე შენი მარჯვენით! განმადიდე შენი წყალობით!

37 გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ, და ჩემი წვივები აღარ წაბორძიკებულან.

38 დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები ვიდრე არ მოვსპობ.

39 დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფერხთა ქვეშ განერთხმებიან.

40 და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფერხთქვეშ.

41 ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.

42 იღაღადებენ, და მშველელი არ ეყოლებათ; უფლის მიმართ და არ უპასუხებს.

43 გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.

44 მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერების მეთაურად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს.

45 ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.

46 უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.

47 უკვდავია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი – ჩემი მშველელი,

48 ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.

49 ჩემო მხსნელო მტრებისაგან, შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ წარმართებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.

50 ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისათვის

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150