1 განმსაჯე, უფალო, რადგან ჩემი სიწრფელით დავდიოდი, უფალზე ვარ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2 შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.
3 რადგან შენი წყალობა მიდგას თვალწინ და შენს ჭეშმარიტებაში დავდივარ.
4 არ დავჯდები სიცრუის მოყვარულებთან და არ მივალ მზაკვრებთან.
5 მძულს უკეთურთა კრებული, ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6 უბიწოებით დავიბან ხელებს და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7 რათა გიგალობო მადლიერებით და ყველა შენი სასწაული გამოვაცხადო.
8 უფალო, მიყვარს შენი სახლის სამყოფელი და შენი დიდების სამკვიდრებელი ადგილი.
9 ნუ მომსპობ ცოდვილებთან ერთად და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმღვრელებთან.
10 რომელთაც ხელთ მზაკვრობა უპყრიათ და მარჯვენა ქრთამით აქვთ სავსე.
11 მე კი ჩემს უბიწოებაში ვივლი; გამომისყიდე და მადლი მაპოვნინე.
12 სწორ ადგილზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვაკურთხებ უფალს.