1 დავითისა და მისი მოდგმისათვის საუკუნოდ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
2 დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს,
3 არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს.
4 მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში.
5 და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას.
6 ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
7 რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს.
8 მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
9 შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
10 სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
11 და შენი მორჩილი მათით არის განათლებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
12 ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომანი? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
13 ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
14 დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.