მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 68

68

1 მიხსენი ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი.

2 გაუვალ ლაფში ჩავეფლე და არაა ტერფის დასადგმელი; ღრმა წყალში შევედი და სწრაფმა დინებამ დამფარა.

3 მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.

4 ჩემი თავის თმაზე მეტად მომიმრავლდნენ უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი. რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.

5 ღმერთო, შენ იცი ჩემი უგუნურება და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.

6 ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი უფალო,ცაბაოთ ღმერთო; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.

7 რადგან შენთვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.

8 გარიყული გავხდი ჩემი ძმებისთვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.

9 რადგან შენი სახლის მოშურნეობამ დამღრღნა და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა თავს.

10 ვტიროდი და ვმარხულობდი, მაგრამ ლანძღვა მივიღე,

11 ძაძებით შევიმოსე და დასაცინი გავხდი მათთვის.

12 ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.

13 მე კი შენ მიმართ ვლოცულობ უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.

14 მიხსენი ჭაობისგან, შიგ რომ არ ჩავეფლა; ჩემი მოძულეებისგან და ღრმა წყლებისგან გადამარჩინე.

15 ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, ნუ ჩამყლაპავს მორევი და პირს ნუ შეიკრავს ჩემზე ორმო.

16 მიპასუხე უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.

17 ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.

18 მოუახლოვდი ჩემს სულს, გადამარჩინე; გამომისყიდე ჩემი მტრებისგან.

19 შენ იცი ჩემი გალანძღვა, გაწბილება და შერცხვენა; შენ წინაშეა ყველა ჩემი მტერი.

20 დამცირებამ გული გამიტეხა და დავსნეულდი; თანამგრძნობს ველოდი და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.

21 ნაღველი მომცეს საჭმელად და წყურვილისას ძმარი შემასვეს.

22 დაე, თავისივე ტაბლა ექცეთ ხაფანგად და მახედ - ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ.

23 თვალები დაუბნელდეთ, რომ ვერ ხედავდნენ და მუდმივად კანკალებდეს მათი წელი.

24 შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ.

25 მათი საცხოვრებელი გაპარტახდეს, არავინ მკვიდრობდეს მათ კარვებში.

26 რადგან შენ მიერ ნაგვემს დევნიან და შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ.

27 მიუმატე ცოდვა მათ ცოდვებს და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში.

28 ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან.

29 მე კი ჩაგრული და ტკივილით შეწუხებული ვარ; შენმა ხსნამ, ღმერთო, ამამაღლოს მე.

30 გალობით შევაქებ ღვთის სახელს და მადლიერებით განვადიდებ.

31 ეს უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი ან რქიანი და ჩლიქიანი მოზვერი.

32 იხილავენ ამას თავმდაბალნი და გაიხარებენ; გაცოცხლდეს გული თქვენი, ღვთის მაძიებელნო.

33 რადგან უსმენს უფალი გაჭირვებულებს და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

34 განადიდოს იგი ცამ და დედამიწამ, ზღვამ და ყოველივემ, რაც მათში მოძრაობს.

35 რადგან ღმერთი დაიხსნის სიონს, ააშენებს იუდას ქალაქებს; იქ დასახლდება მისი ერი და დაეპატრონება მას.

36 მის მსახურთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი იცხოვრებენ მასში.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150