1 ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ანგელოზთა შორის ქმნა სამართალი:
2 „როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტთა?
3 განიკითხეთ საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
4 გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
5 არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
6 მე განვაცხადე: ‘თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი.’
7 მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.”
8 აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერებს.