1 ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2 წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლად.
3 დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაიცავი – ბაგენი ჩემნი.
4 არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან.
5 დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს ზეთია რჩეული ჩემი თავისთვის, არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
6 დაიმსხვრნენ კლდის ქიმებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7 „როგორც დალეწილი წისქვილის ქვა მიწაზე. ისე გაიბნევა ჩვენი ძვლები ჩვენი შეოლის ყბაში.”
8 რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს!
9 დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10 გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.