1 მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
2 ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
3 მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.
4 ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.
5 შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
6 მრავალი ამბობს: "ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!
7 შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას.
8 მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.