1 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
2 და იყო შალემში მისი კარავი და მისი სავანე – სიონში.
3 იქ შემუსრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი.
4 ბრწყინვალე ხარ და ძლიერი სანადირო მთებზე მეტად.
5 გაიძარცვნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ, მეომრებს ხელებმა უმტყუნეს.
6 შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც.
7 შენ საშიში ხარ, და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
8 ციდან მოგვასმინე სამართალი, დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა,
9 როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად.
10 რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, რისხვის ნატამალს მოთოკავ.
11 აღუთქვით და გადაუხადეთ უფალს, თქვენს ღმერთს; ყველამ – მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
12 ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.