1 აგამაღლებ შენ უფალო, რადგან უბედურებიდან წამომაყენე და არ გაახარე ჩემზე მტერი.
2 უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე.
3 უფალო, შენ ამომიყვანე შავეთიდან და მაცოცხლე, რომ არ ჩავსულიყავი საფლავში.
4 უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ მისი წმინდა სახელი.
5 რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი - მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი - სიხარულის ყიჟინა.
6 და ვთქვი ჩემი წარმატების ჟამს: არ შევირყევი უკუნისამდე.
7 უფალო, შენი წყალობით დამაყენე, როგორც მთა; მაგრამ დაფარე შენი სახე და შევძრწუნდი.
8 შენ მოგიხმობ უფალო, ჩემს ბატონს შევევედრები;
9 რა სარგებელია ჩემს სისხლში, თუ საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას და განაცხადებს შენს ჭეშმარიტებას?
10 მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.
11 გლოვა ცეკვით შემიცვალე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე,
12 ამიტომაც გიგალობებ და არ დავდუმდები უფალო, ღმერთო ჩემო! საუკუნოდ გიძღვნი მადლობას!