1 ალელუია! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
2 იხარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
3 განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
4 რადგან ისურვებს უფალი თავის ერს, დაამშვენებს თავმდაბლებს შეწევნით.
5 იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
6 ღმერთის განდიდება მათს ხორხში და მახვილი ორპირლესული მათ ხელშია.
7 რათა შური იძიონ ერებზე, დასაჯონ ტომები,
8 შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი – რკინის ხუნდებით.
9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდისათვის. ალელუია!