1 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
2 რადგან საშიშია უფალი ზენაარი – დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
3 დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს – ჩვენთა ფერხთა ქვეშ.
4 ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. –
5 ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი – საყვირის ხმაზე.
6 უგალობეთ, უგალობეთ ღმერთს! უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს!
7 რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი, უგალობეთ გონივრულად.
8 ღმერთი მეფობს ერებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
9 ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.