1 გუნდის ლოტბარს, იედუთუნს. დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე.”
2 მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი, მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
3 გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
4 „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და – როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების. შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
5 აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე!
6 ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
7 „და ახლა, რას ველი, ბატონო? შენზეა ჩემი იმედი.
8 ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად.
9 დავდუმდი, ბაგეს ვეღარ ვაღებ, რადგან შენ ჰქმენ ამგვარად.
10 ამარიდე სასჯელი შენი; გავილიე შენი მომსვრელი ხელით.
11 თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი.
12 მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
13 მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.”