1 გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილის, დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
2 რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
3 მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას.
4 უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
5 უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე.
6 სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
7 რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო, და ადამის ძენი შენი ფრთების ქვეშ აფარებენ თავს.
8 დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ.
9 რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
10 მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს, და სიმართლე შენი – გულწრფელებს.
11 ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა, და ხელი ბოროტთა ნუ განმდევნის მე.
12 იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.