1 რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
2 შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
3 ჩემი სულიც შეძრწუნებულია; და შენ, უფალო, როდემდე?
4 შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
5 რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას?
6 მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
7 დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
8 განმშორდით, ყოველნი მომქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
9 ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
10 გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.