1 გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა.
2 მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; აღარ დავეცემი მეტად.
3 ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს, და გსურთ მისი დაქცევა, როგორც დაკიდული კედლის, მორყეული ყორის?
4 განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.
5 მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი.
6 მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი.
7 ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; კლდე ჩემი ძალისა და ჩემი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
8 მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.
9 მხოლოდ არარაობა არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე უარესია.
10 არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
11 ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
12 და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.