1 გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე. მოძღვრება დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”! გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი.
2 ღმერთი ზეციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკვათამყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
3 ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი, ერთიც კი!
4 ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ? ღმერთს კი არ უხმობენ.
5 იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში; რადგან ღემრთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს; შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
6 ნეტა მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.