1 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ; მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
2 დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
3 რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა,
4 რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
5 ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: „ვინ შეამჩნევს მათ?”
6 სიმრუდეს ფიქრობენ: „ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ დავიცავთ ჩვენს გეგმას”. ხოლო შიგანი კაცისა და გული ღრმაა.
7 და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
8 საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
9 და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე, და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
10 გაიხარებს მართალი უფალში და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.