1 ფსალმუნი. დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2 რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი, და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3 ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4 ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს,
5 ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6 ეს არის თაობა მის მაძიებელთა, ვინც ეძიებს შენი სახის ხილვას, ღმერთო იაკობისა!
7 მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, აიწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!
8 ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი – მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი.
9 მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები თქვენი, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!
10 ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა.