მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 118

118

1 ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.

2 ნეტარ არიან მისი მცნებების შემნახველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.

3 უმართლობას არ სჩადიან, მისი გზით დადიან;

4 შენ გვიბრძანე, რომ მტკიცედ დაგვეცვა შენი ბრძანებები.

5 ნეტამც წარმემართებოდეს გზები შენი წესების დასაცავად.

6 მაშინ აღარ შემრცხვებოდა, ყოველ შენს მცნებას რომ შევხედავდი.

7 წრფელი გულით განგადიდებ, როცა შენი სიმართლით განკითხვას ვისწავლი.

8 დავიცავ შენს დადგენილებებს, სულ ნუ მიმატოვებ.

9 როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.

10 მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან.

11 გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

12 კურთხეულ ხარ, უფალო! მასწავლე შენი წესები.

13 ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს.

14 შენი მოწმობების გზაზე ვხარობ, ვითარცა დიდ სიმდიდრეზე.

15 ვიფიქრებ შენს დადგენილებებზე და დავუკვირდები შენს გზებს.

16 შენი წესებით გავიხარებ და შენს სიტყვას არ დავივიწყებ.

17 კეთილი უყავ შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.

18 ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.

19 მწირი ვარ ამ ქვეყნად, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.

20 სული დამექანცა, ყოველჟამს შენი სამართლის წადილით.

21 შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.

22 სირცხვილი და შეურაცხყოფა ამაცილე, რადგან ვიცავდი შენს მოწმობებს.

23 სხედან მთავრები და ჩემს წინააღმდეგ თათბირობენ, შენი მსახური კი შენს წესებზე ფიქრობს.

24 შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის - ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.

25 მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

26 გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები.

27 შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.

28 მწუხარებით გაილია ჩემი სული; შენი სიტყვით გამამაგრე.

29 სიცრუის გზა განმაშორე და შენი რჯულისამებრ შემიწყალე.

30 ერთგულების გზა ავირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.

31 შენს მოწმობებს მივეწებე; უფალო, ნუ შემარცხვენ.

32 შენი მცნებების გზაზე ვირბენ, რადგან გულს მიფართოვებ.

33 უფალო, მასწავლე შენი წესების გზა და ბოლომდე დავიცავ მას.

34 მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი.

35 დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.

36 შენი მოწმობებისკენ მიმართე ჩემი გული და არა ანგარებისკენ.

37 მომიბრუნე თვალი, რომ ამაოებას არ ვუყურო; შენი გზით მაცოცხლე.

38 განუმტკიცე შენი ნათქვამი შენს მსახურს, რადგან შენი მოშიშია იგი.

39 ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან კარგია შენი სამართალი.

40 აჰა, მწადია შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე.

41 მოვიდეს ჩემზე შენი წყალობა, უფალო, და ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ,

42 მაშინ პასუხს გავცემ ჩემს მლანძღველს, რადგან შენი სიტყვის იმედი მაქვს.

43 სულ ნუ წაართმევ ჩემს ბაგეებს ჭეშმარიტების სიტყვას, რადგან შენს სამართალს მოველი.

44 მუდამ დავიცავ შენს რჯულს, მარადიულად, უკუნისამდე.

45 ფართო ადგილზე ვივლი, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავდი.

46 მეფეთა წინ დავამოწმებ შენზე და არ შემრცხვება.

47 გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;

48 ხელებს აღვაპყრობ შენი მცნებებისკენ, რომლებიც მიყვარს და შენს დადგენილებებზე ვიფიქრებ.

49 გაუხსენე შენს მსახურს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე.

50 ის არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.

51 დიდად დამცინოდნენ ამპარტავანნი, მაგრამ შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.

52 ვიხსენებ შენს სამართალს, რომელიც ოდითგანვეა უფალო, და თავს ვინუგეშებ.

53 მგზნებარე რისხვამ შემიპყრო ცოდვილთა გამო, რომლებმაც მიატოვეს შენი რჯული.

54 სიმღერებად მექცა შენი წესები, ჩემი ხიზნობის სახლში.

55 ღამღამობით ვიხსენებდი შენს სახელს უფალო და ვიცავ შენს რჯულს.

56 ასეთია ჩემი ხვედრი: შენს ბრძანებებს ვიცავ.

57 ვთქვი: უფალია ჩემი ხვედრი; დავიცავ მის სიტყვებს.

58 გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.

59 ვუკვირდებოდი ჩემს გზებს და შენი მცნებისკენ ვიბრუნებდი ფეხს.

60 ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.

61 საბელნი ბოროტეულთა გარს შემომერტყა, არ დავივიწყე შენი რჯული.

62 შუაღამისას ავდგები, რომ მადლობა გითხრა, შენი სამართლიანი განკითხვების გამო.

63 თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.

64 შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; მასწავლე შენი წესდებანი.

65 კეთილად ექცეოდი შენს მსახურს უფალო, შენი სიტყვისამებრ.

66 კეთილი განსჯა და გაგება მასწავლე, რადგან მჯერა შენი მცნებებისა.

67 ვცდებოდი, ვიდრე დავისაჯე; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.

68 კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.

69 ტყუილს თხზავენ ჩემზე ამპარტავანნი, მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.

70 უგრძნობი გახდა მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ.

71 კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები.

72 უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.

73 შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.

74 შემხედავენ შენი მოშიშნი და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვაზე ვარ მონდობილი.

75 ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განკითხვა, სამართლიანად დავისაჯე.

76 ნეტავი შენი წყალობით მანუგეშებდე, როგორც აღუთქვი შენს მსახურს.

77 წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო, რადგან მიყვარს შენი რჯული.

78 შერცხვნენ ამპარტავნები, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ, მე კი შენს ბრძანებებს ჩავუკვირდები.

79 დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი - შენი მოწმობების მცოდნენი.

80 უბიწო იყოს შენ წინაშე გული ჩემი, რათა არ შევრცხვე.

81 სული ჩემი გაილია შენმიერი ხსნის მოლოდინში, მაგრამ მაინც შენს სიტყვას ვენდობი.

82 თვალები დამეღალა შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: როდის მანუგეშებ მე?

83 კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე, მაგრამ მაინც არ დავივიწყე შენი წესები.

84 რამდენია დღენი შენი მსახურისა? როდის აღასრულებ სამართალს ჩემს მდევნელებზე?

85 ორმოებს მითხრიდნენ ქედმაღალნი, ისინი არ მიჰყვებიან შენს რჯულს.

86 ყველა შენი მცნება ჭეშმარიტია; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.

87 ლამის მომსპონ ამ ქვეყანაზე. მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი.

88 შენი წყალობით გამაცოცხლე, რათა დავიცვა შენი პირის მოწმობანი.

89 უფალო, უკუნისამდეა განმტკიცებული შენი სიტყვა ზეცაში.

90 თაობიდან თაობამდეა შენი ერთგულება; დააფუძნე ქვეყანა და დგას.

91 შენი ბრძანებით დგანან დღესაც, რადგან შენი მსახურები არიან.

92 შენი რჯული რომ არ მყვარებოდა, ჩემს ტანჯვაში დავიღუპებოდი.

93 უკუნისამდე არ დავივიწყებ შენს ბრძანებებს, რადგან მათით მაცოცხლებდი.

94 შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.

95 მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; მე კი შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.

96 ყოველგვარი სრულყოფილების დასასრული მინახავს; შენი მცნებანი კი ვრცელია, უსაზღვრო.

97 როგორ მიყვარს შენი რჯული, მასზე ვფიქრობ მთელი დღე.

98 ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენეს შენმა მცნებებმა, რადგან მარადის ჩემ წინაა ისინი.

99 ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენს მოწმობებზე ვფიქრობ.

100 მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს წესებს ვინახავ.

101 ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.

102 შენი სამართლისგან არ გადამიხვევია, რადგან თვითონ შენ მასწავლიდი.

103 რარიგ ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.

104 შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.

105 ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე - ჩემი ბილიკისთვის.

106 დავიფიცე, რომ აღვასრულებდი შენს სამართალს და შევასრულებ კიდეც.

107 მეტისმეტად დავიტანჯე; ღმერთო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

108 მიიღე ნებაყოფილობითი შესაწირი ჩემი პირისა - გთხოვ, უფალო და მასწავლე შენი სამართალი.

109 განუწყვეტლივ ჩემს ხელისგულზეა ჩემი სიცოცხლე და მაინც არ ვივიწყებ შენს რჯულს.

110 მახე დამიგეს ბოროტებმა, მაგრამ არ გადამიხვევია შენი წესებიდან.

111 საუკუნოდ დავიმკვიდრე შენი მოწმობანი, რადგან ჩემი გულის სიხარულია ისინი.

112 ჩემი გული შენი წესების შესასრულებლად მივმართე უკუნითი უკუნისამდე.

113 ორგული კაცი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.

114 ჩემი თავშესაფარი და ფარი ხარ, შენს სიტყვაზე ვარ მინდობილი.

115 განმშორდით ბოროტმოქმედნო, რათა დავიცვა ჩემი ღმერთის მცნებანი.

116 შემეწიე შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო და არ შევრცხვე ჩემს იმედში.

117 შემეწიე და გადავრჩები, მუდამ შენს წესდებებს ჩავუკვირდები.

118 უკუგდებული გყავს ყველა, ვინც შენს წესებს განუდგა, რადგან ყალბია მათი ხრიკები.

119 ნარჩენებივით მოიშორე ქვეყნის ყოველი ბოროტი, ამიტომ შევიყვარე შენი მცნებები.

120 შენი შიშით თრთის ჩემი სხეული და მეშინია შენი განკითხვისა.

121 სამართალი და სიმართლე ვქმენი. ჩემს მჩაგვრელებს ნუ შემატოვებ.

122 სასიკეთოდ გამოესარჩლე შენს მსახურს, რომ არ დამჩაგრონ ქედმაღლებმა.

123 თვალები მომექანცა შენი ხსნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.

124 წყალობით მოეკიდე შენს მსახურს და შენი წესები მასწავლე.

125 შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება, რომ შევიცნო შენი მოწმობები.

126 ჟამია, რომ იმოქმედო, უფალო, რადგან დაარღვიეს შენი რჯული.

127 ამიტომ მიყვარს შენი მცნებები ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად.

128 ამიტომაც სწორად მივიჩნიე ყოველი შენი ბრძანება, ხოლო ყოველი ცრუ გზა მოვიძულე.

129 საოცარია შენი მოწმობები; ამიტომ ინახავს მათ ჩემი სული.

130 სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს.

131 პირი გავხსენი და ამოვიოხრე, რადგან შენი მცნებები მომენატრა.

132 მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.

133 შენი ნათქვამით განმიმტკიცე ნაბიჯები, ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.

134 ადამიანის ჩაგვრისგან გამომისყიდე, რათა შევძლო შენი წესების დაცვა.

135 შენი სახე გამოუბრწყინე შენს მსახურს და მასწავლე შენი წესდებანი.

136 ცრემლის ნაკადები მომდის თვალებიდან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.

137 მართალი ხარ უფალო და სწორია შენი სამართალი.

138 შენ დაადგინე შენი მცნებები სიმართლეში და სრულ ჭეშმარიტებაში.

139 შემჭამა მოშურნეობამ, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.

140 ფრიად ხალასია შენი სიტყვა და უყვარს იგი შენს მსახურს.

141 მცირე ვარ და მოძულებული, მაგრამ შენს წესდებებს არ ვივიწყებ.

142 სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია.

143 გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს, მაგრამ შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის.

144 მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.

145 მთელი გულით მოგიხმობ; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.

146 მოგიხმობ, მიხსენი და შენს მოწმობებს დავიცავ.

147 განთიადამდე ვდგები და შემოგღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.

148 ჩემი თვალები ღამის გუშაგობას ასწრებს, რათა ჩავუკვირდე შენს სიტყვას.

149 ისმინე ჩემი ხმა შენი წყალობისამებრ; შენი სამართლით მაცოცხლე, ღმერთო.

150 მომიახლოვდნენ ავისმზრახველნი; შორს დგანან ისინი შენი რჯულისგან.

151 მაგრამ შენ ახლოს ხარ უფალო და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.

152 ძველთაგანვე ვიცი შენს მოწმობებზე, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.

153 იხილე ჩემი ტანჯვა და მიხსენი, რადგან არ დავივიწყე შენი რჯული,

154 გამომესარჩლე და გამომისყიდე, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე.

155 ბოროტთაგან შორსაა ხსნა, რადგან შენს კანონებს არ ეძიებენ.

156 უხვია შენი წყალობა უფალო, შენი სამართლისამებრ მაცოცხლე.

157 ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; მაგრამ შენი მოწმობებისთვის არ გადამიხვევია.

158 ვიხილე განდგომილნი და შევიძულე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.

159 ნახე, როგორ შევიყვარე შენი წესები; ღმერთო, მაცოცხლე შენი წყალობისამებრ.

160 ჭეშმარიტია შენი სიტყვა დასაბამიდან და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.

161 უმიზეზოდ მდევნიან მთავარნი, მაგრამ შენი სიტყვების შიში აქვს ჩემს გულს.

162 ისე მახარებს შენი სიტყვა, როგორც დიდი ნადავლის პოვნა.

163 მძულს და მძაგს სიცრუე, შენი რჯული კი მიყვარს.

164 დღეში შვიდჯერ გაქებ შენი სამართლიანი განკითხვისთვის.

165 დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთათვის და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.

166 შენმიერი ხსნის იმედი მაქვს, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებ.

167 შენს მოწმობებს იცავს სული ჩემი და ძლიერ მიყვარს ისინი.

168 შენს წესებსა და მოწმობებს ვიცავ, რადგან შენ წინაშეა ყველა ჩემი გზა.

169 ღმერთო, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ღაღადმა; მომეცი გონიერება შენი სიტყვისამებრ.

170 მოვიდეს ჩემი ვედრება შენ წინაშე; მიხსენი შენი სიტყვისამებრ.

171 გაქონ ჩემმა ბაგეებმა, რადგან შენ მასწავლე წესები შენი.

172 შენს სიტყვაზე იგალობებს ენა ჩემი, რადგან შენი ყველა მცნება სიმართლეა.

173 შენი ხელი შემეწიოს, რადგან შენი ბრძანებანი ავირჩიე.

174 შენმიერ ხსნას ვნატრობ ღმერთო, შენი რჯული საამურია ჩემთვის.

175 იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს; შემეწიოს შენი სამართალი.

176 დაკარგული ცხვარივით ამებნა გზა; მოძებნე შენი მსახური, რადგან შენი მცნებები არ დავივიწყე.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150