1 ადიდეთ უფალი. ადიდე სულო ჩემო, უფალი.
2 მთელი სიცოცხლე ვადიდებ უფალს, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
3 ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა.
4 როცა ამოუვა სული, მიწას დაუბრუნდება; იმ დღეს გაქრება მისი გეგმები.
5 ნეტარია, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია; ვისაც უფლის, თავისი ღმერთის იმედი აქვს.
6 რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც უკუნისამდე ინახავს ერთგულებას;
7 აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
8 უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს.
9 უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.
10 უფალი იმეფებს უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში! ადიდეთ უფალი!