1 ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
2 განაცხადა უფალმა ხსნა მის მიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
3 გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელის სახლს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
4 შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
6 რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ მეუფეს, უფალს!
7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
8 მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
9 განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ერებს – სისწორით.