1 გალობა; ფსალმუნი. კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, თავის წმიდა მთაზე.
2 ლამაზად მაღლდება მთა სიონისა, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
3 ღმერთი თავის ტაძარში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
4 რადგან აგერ, შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
5 ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
6 ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესვაით.
7 აღმოსავლეთის ქარით შემუსრე შენ თარშიშის ხომალდები.
8 როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე.
9 ვფიქრობდით, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
10 ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
11 დაე იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სიმართლის გამო.
12 ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
13 გული მიაპყარით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
14 რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.