მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 88

88

1 მოძღვრება. ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.

2 რადგანაც ვთქვი: „უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა, და ცათა შიგან. განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი”

3 შენ თქვი: „დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:

4 ‘უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.’”

5 განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.

6 რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?

7 ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტად, და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.

8 უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა!

9 შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.

10 შენ განართხე ეგვიპტე, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.

11 შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

12 ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.

13 შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.

14 სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან.

15 ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა; ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;

16 შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.

17 რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.

18 რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან – მეფე ჩვენი.

19 მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდებს და უთხარი: „ვუბოძე დახმარება გმირს; ავამაღლე რჩეულნი ხალხისაგან;

20 ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.

21 რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი, და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.

22 ვერ დაჯაბნის მას მტერი, და ურჯულოების ძე ვერ დაჩაგრავს მას.

23 მოვსრავ მის წინაშე მის მოდავეთ, და მის მოძულეებს დავამხობ;

24 ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.

25 ზღვას გადავაწვდენ მის ხელს, და მდინარეებს – მის მარჯვენას.

26 ის მომიწოდებს: ‘მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’

27 მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,

28 უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას, და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.

29 და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი, ვითარცა დღენი ცისანი.

30 თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,

31 თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,

32 კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას.

33 მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.

34 არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.

35 ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით; განა ვეცრუები დავითს?

36 მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე;

37 მკვიდრი იქნება მთვარესავით უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ღრუბლებში.”

38 მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე!

39 უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი;

40 მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.

41 გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლის დასაცინი გახდა;

42 მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.

43 თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ უწყალობე გამარჯვება ომში;

44 გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე;

45 შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი.

46 როდემდე დაგვემალები, უფალო? განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?

47 გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?

48 ვინ არის კაცი სიკვდილი არ იხილოს, და გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან?

49 სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?

50 გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.

51 როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.

52 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე! ამინ, ამინ!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150