1 გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში.
2 რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3 თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?”
4 უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5 უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6 აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.