1 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ”. დავითის ძეგლისწერა, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც თავის ნებას აღასრულებს ჩემზე.
3 გამომიგზავნის ციდან ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
4 ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის ვცხოვრობ, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა – ბასრი მახვილი.
5 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
6 ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.
7 წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.
8 გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვიღვიძებ ცისკართან ერთად.
9 განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
10 რადგან დიდია, ზეცამდეა შენი წყალობა, და ღრუბლებამდე – შენი ჭეშმარიტება.
11 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.