1 როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მიილტვის ჩემი სული შენკენ ღმერთო!
2 ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
3 ჩემი ცრემლები მქონდა პურად, დღისით და ღამით, როს მეუბნებოდნენ გამუდმებით - სად არის შენი ღმერთი?
4 გული მეღვრება, როცა მახსენდება, როგორ მივყვებოდი ხალხის გუნდს, მივუძღვოდი მათ უფლის სახლამდე, მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
5 რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რად დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.
6 დაღვრემილია ჩემი სული; ამიტომ გიხსენებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან.
7 უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა შენმა ტალღამ და ზვირთმა ჩემზე გადაიარა.
8 დღისით მოავლენს უფალი თავის წყალობას, ღამით კი მე ვუმღერ _ ვილოცებ ჩემი სიცოცხლის ღმერთთან.
9 ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს - რად დამივიწყე? რატომ დავდივარ მგლოვიარე, მტრისგან შეჭირვებული?
10 თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენო, როცა მლანძღავდნენ ჩემი მტრები და მეუბნებოდნენ მთელ დღეს: სად არისო შენი ღმერთი?
11 რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.