1 მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
2 სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას.
3 რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული;
4 რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია.
5 მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
6 მოდით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე!
7 რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
8 „ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს, უდაბნოში
9 რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
10 ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ, და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.
11 ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.”