1 განა მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ მმართველებო? სამართლიანად სჯით ადამის ძეებს?
2 არა, გულში უსამართლობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენს ხელთა ძალადობას დებთ სასწორზე.
3 დედის მუცლიდანვე გადაუხვიეს ბოროტებმა და დაბადებიდანვე ამბობენ სიცრუეს.
4 შხამი მათი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიხშობს,
5 რომ არ ისმინოს ხმა მომნუსხველთა და არც დახელოვნებულ მისანთ-მისნისა.
6 ღმერთო! შენ ჩაულეწე მათ კბილები პირში; ეშვები ჩაუმტვრიე ლომის ბოკვერებს, უფალო!
7 გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
8 ლოკოკინასავით დადნენ; ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილონ მზე.
9 ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ცეცხლმოკიდებულ ეკალს; ნედლსაც და გამხმარსაც ქარიშხალივით წარხვეტს.
10 გაიხარებს მართალი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
11 და იტყვის კაცი: - ნამდვილად აქვს საზღაური მართალს! მართლაც არის ღმერთი, რომელიც განსჯის ქვეყნიერებას.