1 ძეგლისწერა დავითისა. დამიფარე, უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
2 მე ვუთხარი უფალს: „შენ ხარ ჩემი ბატონი! ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს!”
3 წმიდებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან არის ჩემი ყველა სურვილი.
4 დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისკენ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
5 უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია; შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
6 ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
7 ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
8 წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
9 ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა სულმა; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
10 რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
11 მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე.