მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 48

48

1 ისმინე იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წელიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით;

2 რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებით და ისრაელის ღმერთს ეყრდნობით; ცაბაოთ უფალია მისი სახელი!

3 დიდი ხნის წინ განვაცხადე წინანდელნი, ჩემმა პირმა წარმოსთქვა და მე განვაცხადე; უცაბედად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.

4 რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ, რკინის მყესები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.

5 ამიტომ თავიდანვე გამცნე, გამოგიცხადე, ვიდრე აღსრულდებოდა, რომ არ გეთქვა: "ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკმა ბრძანაო ასე!”

6 მოგისმენია და შეგიხედავს ამ ყველაფრისთვის, ნუთუ არ აღიარებ ამას? ამიერიდან გიცხადებ ახალს, დაფარულს, რაც არ იცოდი.

7 ახლა შეიქმნენ ისინი და არა დიდი ხნის წინათ; და დღემდე არაფერი გსმენია მათზე, რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’

8 არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონდა გახსნილი, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი და მეამბოხე გერქვა დედის მუცლიდანვე.

9 ჩემი სახელის გამო ვაყოვნებ ჩემს რისხვას და ჩემი ხოტბისთვის ვაკავებ მას, რომ არ მოიკვეთო.

10 აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა ვერცხლივით; ტანჯვის ქურაში გამოგცადე.

11 ჩემ გამო, ჩემ გამო ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.

12 მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო მოწოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!

13 დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

14 შეიკრიბეთ ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა კიროსი; იგი აღასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველთა წინააღმდეგ იქნება მისი მკლავი.

15 მე, მე ვილაპარაკე და, დიახ, მე მოვუწოდე მას, მოვიყვანე და მოვუმართე გზა.

16 მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.

17 ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;

18 ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.

19 ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი შთამომავლობა; არ მოიკვეთებოდა მათი სახელი და არ განადგურდებოდა ჩემს წინაშე.

20 გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: "გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!”

21 არ მოსწყურებიათ, როცა უდაბნოებში ატარებდა, კლდიდან გადმოუდინა წყალი, კლდე გააპო და გადმოხეთქა წყალმა.

22 "არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66