მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 35

35

1 გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება.

2 გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.

3 გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.

4 უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.

5 ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.

6 ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე - ნაკადულები.

7 ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.

8 და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.

9 ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე.

10 დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66