მთავარიბიბლიაესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 46

46

1 ჩაიმუხლა ბელმა, მოიხარა ნებო. მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; თქვენს მიერ ნატარები ტვირთი ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.

2 ჩაიკუზნენ, ჩაიმუხლეს ერთბაშად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა, და თვითონაც ტყვეობაში წავიდნენ.

3 „მისმინეთ მე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩენო! დედის მუცლიდან, დედის საშოდან ჩემს მიერ ნატარებნო.

4 თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ. მე შევქმენი და მე ვიტვირთავ; მე ვზიდავ და მე გადავარჩენ.

5 ვის მიმამსგავსებთ და შემადარებთ, ვის მიმამგვანებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?

6 რომლებიც გადმოაბნევენ ქისიდან ოქროს და ვერცხლს სასწორზე სწონიან, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ ღმერთი გააკეთოს მისგან, ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ მას.

7 გაიდებენ მას მხარზე, ატარებენ, და დებენ მის ადგილზე, დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ სცემს, მათ გასაჭირში ვერ იხსნის.

8 გაიხსენეთ ეს და გამხნევდით, მიიტანეთ, დამნაშავენო, გულთან.

9 გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი.

10 ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’

11 მოვუხმობ აღმოსავლეთიდან მტაცებელ ფრინველს, შორი ქვეყნიდან ჩემი გადაწყვეტილების აღმსრულებელს; მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც.

12 მისმინეთ მე, გულმაგარნო, სიმართლეს განშორებულნო:

13 მე მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ჩემი ხსნა არ დაახანებს. და მოვიტან სიონზე ხსნას და ისრაელისთვის – ჩემს დიდებას.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66