1 იმ წელს, აშდოდში მოვიდა თართანი, სარგონის, აშურის მეფის, მიერ გამოგზავნილი, და შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო იგი,
2 იმ დროს ილაპარაკა უფალმა ესაიას, ამოცის ძის ხელით ასე: „წადი და მოიხსენი ძაძა წელიდან და ფეხსაცმელი გაიძვრე ფეხზე.” და ასე მოიქცა და დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი.
3 და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისათვის და ქუშისათვის,
4 ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად.
5 და შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი სასოების – ქუშის გამო და მათი საკვეხური ეგვიპტის გამო.
6 და იტყვის იმ დღეს ამ სანაპიროს მცხოვრები: ‘აჰა, ასეთია ჩვენი სასოება, საითკენაც გავრბოდით შემწეობისათვის, აშურის მეფისაგან გადასარჩენად! როგორ დავაღწევთ თავს?’”