მთავარიბიბლია1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 9

9

1 იყო ერთი კაცი ბენიამინის ტომიდან სახელად კიში , ძე აბიელისა , ძისა ცერორისა , ძისა ბექორათისა , ძისა აფიახისა , ძისა ვინმე ბენიამინელისა , მაგარი ვაჟკაცი .

2 მას ჰყავდა ვაჟი , გამორჩეული და მშვენიერი , სახელად საული . ისრაელის ძეთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო . ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე .

3 და დაეკარგა ჭაკი ვირები კიშს , საულის მამას , და უთხრა კიშმა საულს , თავის შვილს : „ წაიყვანე რომელიმე მსახური ბიჭი , წადი და მოძებნე ვირები .”

4 გადაიარა ეფრემის მთა , მოიარა შალიშას მხარე , მაგრამ ვერ იპოვნეს . მოიარეს შაალიმის მხარე და არც იქ იყო . მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს .

5 მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს , თან რომ ახლდა : „ მოდი , გავბრუნდეთ უკან . დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ჩვენი დარდი ექნება .”

6 უთხრა მას : „ აი , ღვთისკაცია ამ ქალაქში . პატივდებული კაცია ; რასაც იტყვის , ყველაფერი სრულდება . წავიდეთ იქ , ეგებ გვასწავლოს , რა გზას დავადგეთ .”

7 უთხრა საულმა თავის მსახურს : „ კარგი , წავიდეთ , მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს ? გუდაში პური აღარ გვაქვს , არც საჩუქარი გვაქვს რამე , ღვთისკაცს რომ მივუტანოთ . რა გვაქვს თან ?”

8 კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა : „ აჰა , მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში , მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას .”

9 უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი , ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა : „ მოდი , წავიდეთ მისანთან ”, რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია , უწინ მისანი ეწოდებოდა .

10 უთხრა საულმა თავის მსახურს : „ სწორს ამბობ . წამო , წავიდეთ .” წავიდნენ ქალაქში , სადაც ღვთისკაცი იყო .

11 აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდნენ წყალზე მიმავალი გოგონები , ჰკითხეს : “ არის აქ სადმე მისანი ?”

12 მიუგეს : „ აქვეა , ახლოში . ოღონდ იჩქარეთ , დღეს ამოვიდა ქალაქში , რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს გორაკზე .

13 როგორც კი ქალაქში შეხვალთ , მაშინვე მოძებნეთ იგი , ვიდრე გორაკზე არ ასულა საჭმელად , რადგან ხალხი არაფერს შეჭამს მის მისვლამდე . მან უნდა აკურთხოს საკლავი , და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ჭამას მიწვეულები . აბა , წადით , რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი პოვნა .”

14 ავიდნენ ქალაქში . შუა ქალაქში შევიდნენ და აჰა , ეგებება მათ გორაკისაკენ მიმავალი სამუელი .

15 საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისათვის :

16 „ ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის , ისრაელის , მთავრად . იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან , რადგან მოვხედე ჩემს ერს , როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია .”

17 დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაადასტურა : „ აჰა , ის კაცი , რომელზეც გელაპარაკე . იგი იმეფებს ჩემს ერზე .”

18 შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა : „ მასწავლე , სად არის აქ მისნის სახლი .”

19 მიუგო სამუელმა საულს და უთხრა : „ მე ვარ მისანი . წამიძეხი გორაკისაკენ . დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს , დილას კი გაგიშვებ . ყველაფერს გეტყვი , რაც გულში გაქვს .

20 ნუ გადარდებს ვირები , სამი დღის წინ რომ დაკარგე , რადგან ნაპოვნია ისინი . ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე , თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს ?”

21 მიუგო საულმა და უთხრა : „ მე ხომ ბენიამინელი ვარ , ისრაელის უმცირესი ტომის კაცი . ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის ? რისთვის მეუბნები ამას ?”

22 და წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური , და შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა .

23 უთხრა სამუელმა მზარეულს : „ გამოიტანე ის ნაწილი , რომელიც მოგაბარე და გითხარი , დაიტოვე - მეთქი .”

24 გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს . უთხრა სამუელმა : „ ეს არის , რაც მორჩა . წინ დაიდე და ჭამე , რადგან იმ დროისათვის გადაგინახე , როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე .” და პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად .

25 ჩამოვიდნენ გორაკიდან ქალაქში და სახლის ერდოზე ელაპარაკა საულს .

26 და ადგნენ დილაადრიანად , და განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ერდოზე და უთხრა : „ ადექი , უნდა გაგისტუმრო .” და ადგა საული და გავიდნენ ორთავენი , ის და სამუელი , გარეთ .

27 როცა ქალაქის ბოლოზე ჩადიოდნენ , სამუელმა უთხრა საულს : „ უთხარი , ჩვენს წინ წავიდეს მსახური და იაროს . შენ კი მცირეხანს დადექი , რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო .”

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31