მთავარი ›ბიბლია ›1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 11

11

1 გამოვიდა ნახაშ ყამონელი და გილყადის იაბეშთან დაიბანაკა. უთხრა ნახაშს იაბეშის ყველა მკვიდრმა: "დაგვიდე შეთანხმება და შენი მსახურნი ვიქნებით”.

2 უპასუხა ნახაშ ყამონელმა: "დაგიდებთ შეთანხმებას, ოღონდ ჯერ ყველას მარჯვენა თვალს დაგთხრით, რათა შევარცხვინო მთელი ისრაელი”.

3 უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: "შვიდი დღე მოგვეცი, მოციქულებს გავგზავნით ისრაელის ყველა კუთხეში, და თუ არავინ გვიხსნა, გამოვალთ შენს წინაშე”.

4 მივიდნენ მოციქულნი საულის გიბყაში და გააგებინეს ხალხს ეს ამბავი. ხმამაღლა ატირდა მთელი ხალხი.

5 ამ დროს, საული მოდიოდა მინდვრიდან და ხარებს მოერეკებოდა. იკითხა: "რა დაემართა ხალხს, რად ტირის?” და გადასცეს იაბეშელთა სიტყვები.

6 ღვთის სული დაეშვა საულზე, როცა ეს სიტყვები მოისმინა და განრისხდა ფრიად.

7 აიყვანა წყვილი ხარი, დაჭრა ნაწილებად და ისრაელის ყოველ კუთხეში დააგზავნა მოციქულთა ხელით, ამ სიტყვებით: "ასე მოუვა მის ხარებს, ვინც არ გაჰყვება საულსა და სამუელს”. დაეცა ხალხს უფლის შიში და ერთი კაცივით გამოვიდა მთელი ხალხი.

8 როცა აღრიცხა ისინი ბეზეკში, ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.

9 მოციქულებს კი, რომლებიც მოსულიყვნენ, უთხრეს: "გადაეცით გილყადის იაბეშელთ: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო”. დაბრუნდნენ მოციქულები, გადასცეს ამბავი იაბეშის მცხოვრებთ და გაიხარეს.

10 უთხრეს იაბეშის მცხოვრებლებმა ყამონელებს: "ხვალ გამოვალთ და ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით”.

11 მეორე დღეს სამ რაზმად გაყო ხალხი საულმა, შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას და მოსრეს ყამონელნი მზის მცხუნვარებამდე; გადარჩენილები კი ისე გაიფანტნენ, ორი ერთად არ დარჩენილა.

12 უთხრა ხალხმა სამუელს: "ვინ იყო რომ ამბობდა: ნუთუ საულმა უნდა იმეფოს ჩვენზეო? მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ”.

13 უპასუხა საულმა: "არავინ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა ისრაელში”.

14 უთხრა სამუელმა ხალხს: "წამოდით, გილგალში წავიდეთ და იქ განვაახლოთ მეფობა”.

15 წავიდა მთელი ხალხი გილგალში. იქ გაამეფეს საული და დაკლეს სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე; ფრიად გაიხარა იქ საულმა და მთელმა ისრაელმა.

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31