მთავარიბიბლია1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 8

8

1 როცა მოხუცდა სამუელი , ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები გაამწესა .

2 მის პირმშოს სახელად ერქვა იოელი , ხოლო უმცროსს – აბია . ბეერ - შებაყში იყვნენ მსაჯულებად .

3 არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას , ანგარებას მისდევდნენ , ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ .

4 შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მივიდა სამუელთან რამაში .

5 უთხრეს : „ შენ მოხუცდი , შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას ; დაგვისვი ახლა მეფე , რომ განგვსჯიდეს , როგორც სხვა ხალხებშია .”

6 არ მოეწონა ეს საქმე სამუელს , როცა თქვეს , მეფე მოგვეციო მსაჯულად , მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ .

7 უთხრა უფალმა სამუელს : „ გაუგონე ხალხს ყველაფერი , რასაც გეტყვიან , რადგან შენ კი არ უარგყვეს , არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ .

8 როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან , როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე , დღემდე , როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონნენ , ასევე გექცევიან შენც .

9 ახლა გაუგონე მათ , ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა , რომელმაც მათზე უნდა იმეფოს .”

10 უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს , მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან .

11 უთხრა : „ ეს უფლებები ექნება მეფეს , რომელიც იმეფებს თქვენზე : წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს , და ირბენენ მისი ეტლის წინ .

12 დააყენებს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად , თავისი მინდვრების მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად , თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად .

13 აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად , მზარეულებად და ხაბაზებად .

14 წაიღებს თქვენს საუკეთესო მინდვრებს , ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მსახურებს დაურიგებს .

15 მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს .

16 წაგართმევთ საუკეთესო ყმებს , მხევლებს , მსახურ ბიჭებს , სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს .

17 წაიღებს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენც მისი მონები გახდებით .

18 და გმინვას დაიწყებთ მაშინ თქვენი არჩეული მეფისაგან , მაგრამ პასუხს აღარ გაგცემთ მაშინ უფალი .”

19 არ დაუჯერა ხალხმა სამუელს , თქვეს : „ არა და არა , მეფე უნდა გვეჯდეს .

20 ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ , როგორც სხვა ხალხები არიან , ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ , წინ წაგვიძღვება და ჩვენს ომებს წარმართავს .”

21 მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს .

22 უთხრა უფალმა სამუელს : „ შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე .” და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს : „ წადით თქვენ - თქვენს ქალაქებში .”

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31