1 მოვიდნენ კირიათ - იეყარიმელნი , წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში , გორაკზე , და განაწესეს მისი შვილი , ელეაზარი უფლის კიდობნის მცველად .
2 გამოხდა მრავალი ხანი , ოცი წელი , კიდობნის დასვენებიდან კირიათ - იეყარიმში , და მოენატრა უფალი მთელს ისრაელის სახლს .
3 ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს : „ თუ მთელი გულით მოიქცევით უფლისაკენ , მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთაროთები . მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ერთს ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან . „
4 მოიშორეს ისრაელის ძეთ ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ .
5 თქვა სამუელმა : „ შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს .”
6 შეიკრიბნენ მიცფაში , და ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე , და მარხულობდნენ იმ დღეს . თქვეს იქ : „ შევცოდეთ უფალს .” და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეთ მიცფაში .
7 შეიტყვეს ფილისტიმელებმა , მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელის ძენი , და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ . გაიგეს ისრაელის ძეთ და შეუშინდნენ ფილისტიმელებს .
8 უთხრეს ისრაელის ძეთ სამუელს : „ ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი , ჩვენი ღვთისადმი , ღაღადს , იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან .”
9 აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს , და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა .
10 როდესაც სამუელი სწირავდა სრულადდასაწველს უფალს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად , და იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე , და შეაძრწუნა , და იძლივნენ ისინი ისრაელის ძეთაგან .
11 გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან , და დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთ - ქორის ქვემოთ .
12 და აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის , და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ - ყეზერი , და თქვა : „ აქამდე შეგვეწია უფალი ”.
13 დაცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში . და უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში .
14 დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები ყეკრონიდან გათამდე . გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს . და იყო ზავი ისრაელსა და ამორეველთა შორის .
15 და განსჯიდა ისრაელს სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე .
16 და დადიოდა წლიდან წლამდე , მიმოივლიდა ბეთელს , გილგალს და მიცფას , და განსჯიდა ისრაელს ყველა ამ ადგილას .
17 ბრუნდებოდა რამას , რადგან იქ იყო მისი სახლი , და აქაც განსჯიდა ისრაელს . იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს .