მთავარიბიბლია1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 27

27

1 და ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან.

2 და ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.

3 და შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.

4 და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?”

5 და მისცა აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.

6 ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.

7 და ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.

8 და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარსა და ძროხას, სახედრებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს; და ბრუნდებოდა და მოდიოდა აქიშთან.

9 და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?” მიუგებდა დავითი აქიშს: „იუდას სამხრით, იერახმეელელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.”

10 არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მიჰყავდა გათში და ამბობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე. ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.”

11 და მიენდო აქიში დავითს, ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო.

12 იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: „იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალ ბანაკად – შენ და შენი ხალხი!”

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31