მთავარიბიბლიაოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 5

5

1 ისმინეთ ეს, მღვდლებო! გაიგონეთ, ისრაელის სახლო! ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მახედ ექეცით მიცფას და თაბორს – მოსროლილ სათხევლად.

2 თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას.

3 მე ვიცნობ ეფრემს, და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.

4 ჩადენილი საქმეები არ ანებებენ მათი ღვთისაკენ მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ.

5 თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად.

6 თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ.

7 უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან შეჭამს მათ მათი წილხვედრითურთ.

8 ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: მოგდევენ ბენიამინ!

9 უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება.

10 სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.

11 შეჭირვებულია ეფრემი, მსჯავრით დათრგუნული, რადგან აკრძალულისკენ ისურვა სიარული.

12 ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად – იუდას სახლს.

13 დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.

14 რადგან მე ლომივით ვექცევი და ლომის ბოკვერივით – იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.

15 წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14