1 როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.
2 უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ.
3 მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ხელი მის მკლავში მქონდა ჩაჭიდებული, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი მათ.
4 ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგამის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხრილი და ვკვებავდი მათ.
5 არ გაბრუნებულან ეგვეპტის ქვეყნისაკენ. მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება.
6 მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო.
7 მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს.
8 როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.
9 აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპავად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ.
10 უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.
11 შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი.
12 შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა უფლის წინაშე და წმიდას წინაშე, რომელიც ურყევია.