მთავარი ›ბიბლია ›იობი

ძველი აღთქმა · იობი

იობი 30

30

1 "ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.

2 რაღაში მჭირდება მათი ხელების ძალა? დაილია მათი ძლიერება;

3 ნაკლოვანებითა და შიმშილით დაუძლურებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დაცარიელებულსა და გახრიოკებულ ტრამალებში;

4 მწარე ბალახს წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური.

5 კაცთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;

6 უდაბურ ხეობებში და მიწის ნაპრალებში ცხოვრობენ,

7 ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარში შეყუჟულან;

8 განდევნილი იყვნენ ქვეყნიდან უგუნურთა და უსახელოთა ძეები!

9 ახლა მათი საშაირო და სალაპარაკო გავხდი;

10 ვეზიზღები, გამირბიან და სახეში ფურთხებასაც არ ერიდებიან;

11 რადგან მან ახსნა საბელი და დამტანჯა, პირწინ დამიგდეს აღვირი;

12 მარჯვნივ მათი ნაშიერნი აღმიდგნენ, ფეხები ამიბლანდეს და ჩემკენ მომართეს თავიანთი წარწყდომის გზები;

13 გზასავალი დამინგრიეს, ჩემი უბედურებით სარგებლობენ, არავინ აკავებს მათ.

14 ფართო ხვრელიდან გამოექანნენ ჩემკენ, გრიალით დამეცნენ,

15 საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით გადაიქროლა ჩემმა დი­დებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.

16 ახლა კი იღვრება ჩემში სული ჩემი და ტანჯვის დღეები მეჭიდებიან.

17 ღამით ძვლები მტეხს და ტკივილი მღრღნის, არ მიამდება;

18 დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსელს, კვართის საყელოსავით მიჭერს მოსასხამი;

19 ლაფში მისროლა და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.

20 შემოგღაღადებ და პასუხს არ მცემ; ვდგავარ და არაფრად მაგდებ.

21 სასტიკი გახდი ჩემ მიმართ; მდ­ევნი შენი ხელის ძლიერებით.

22 ამწიე და ქარზე ამამხედრე, დამაქროლებ და მაცამტვერებ;

23 ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.

24 ნანგრევებში მყოფს ხელს არავინ უწვდის, როცა საშველად მოუხმობენ თავიანთი უბედურების დროს.

25 განა არ მიტირია უბედურისთვის? არ დამიმწუხრებია სული ღარიბ-ღატაკისთვის?

26 როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.

27 შიგნეული მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვის დღეები დამიდგა;

28 მგლოვიარე დავდივარ უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და საშველად შემოგღაღადებ;

29 ტურებს გავუხდი ძმად და სირაქლემას დავუმეგობრდი.

30 კანი გამიშავდა და სიცხისგან ძვლები მივარვარებს.

31 გოდებად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად - ჩემი სალამური.

იობი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42