მთავარი ›ბიბლია ›იობი

ძველი აღთქმა · იობი

იობი 29

29

1 განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:

2 "ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.

3 როცა თავს ზემოთ მისი ლამპარი მინათებდა და მისი სინათლით დავდიოდი ბნელში;

4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს, როცა ღვთის მეგობრობა იცავდა ჩემს კარავს.

5 როცა ჯერ კიდევ ყოვლადძლიერი იყო ჩემთან და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ;

6 როცა რძეში ვიბანდი ფეხებს და კლდიდან მოედინებოდა ჩემთვის ზეთის ნაკადები!

7 ქალაქის კარიბჭესთან გავიდოდი და მოედანზე ვიმზადებდი სავარძელს;

8 დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;

9 მთავარნი თავს იკავებდნენ საუბრისგან და პირზე ხელს იფარებდნენ;

10 დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.

11 ყური მისმენდა და მაკურთხებდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;

12 რადგან მიხსნია ღატაკი - შველას რომ ითხოვდა და ობოლი - შემწე რომ არ ჰყავდა;

13 მომაკვდავი კაცი მაკურთხებდა და ქვრივის გულს ვახარებდი;

14 სიმართლით ვიმოსებოდი, მართლმსაჯულება მქონდა მოსასხამად და სამართალი იყო ჩემი თავსაბურველი.

15 ბრმისთვის თვალები ვიყავი და კოჭლისთვის - ფეხები;

16 გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;

17 ბოროტი კაცისთვის ყბები დამილეწავს და კბილებიდან გამომიგლეჯია მიტაცებული;

18 ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.

19 ჩემი ფესვები წყლამდეა გაშლილი და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.

20 დიდება ჩემი არ ჭკნება და მტკიცეა მშვილდი ჩემს ხელში;

21 კაცები მისმენდნენ და მელოდებოდნენ, დუმდნენ ჩემს რჩევაზე;

22 ჩემი სიტყვის შემდეგ ხმას აღარ იღებდნენ, ღრუბელივით ისრუტავდნენ ჩემს ნათქვამს;

23 წვიმასავით მელოდნენ და როგორც ნაგვიანევ წვიმას, პირს მიშვერდნენ.

24 გავუცინებდი და არ ეჯერათ, ჩემი სახის ნათელს არ აკნინებდნენ;

25 გზებს ვურჩევდი მათ და ვთ­ავკაცობდი, ვმკვიდრობდი, როგორც მეფე მხედრობაში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!

იობი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42