დაბეჭდილი წიგნი და კრავი
1 ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2 ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“
3 არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
4 ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
5 ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი, გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“.
6 შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული, და მას ჰქონდა შვიდი რქა და შვიდი თვალი, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელ ქვეყნიერებაზე.
7 და მოვიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან.
8 და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ. ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმეველებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია.
9 გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისგან.
10 და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ მიწაზე“.
11 ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასი,
12 რომლებიც დიდი ხმით ლაპარაკობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“.
13 და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე“.
14 და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ“. ოცდაოთხი უხუცესი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.