მთავარიბიბლიაიოანეს გამოცხადება

ახალი აღთქმა · იოანეს გამოცხადება

იოანეს გამოცხადება 21

21

1 ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო.

2 ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო.

3 გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: “აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან.

4 მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

5 თქვა ტახტზე მჯდომარემ: “აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: “დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია”.

6 მითხრა: “აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.

7 გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.

8 ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია”.

9 მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: “მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს”.

10 წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან,

11 და ჰქონდა ღვთის დიდება. მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი.

12 ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელიანთა თორმეტი ტომისა.

13 სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი სამხრეთიდან და სამი დასავლეთიდან.

14 ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.

15 ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და მისი გალავნის გადასაზომად.

16 ქალაქი ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე. გაზომა მან ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი იყო.

17 გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.

18 მისი გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი იყო წმიდა ოქროსი, წმიდა მინის.

19 ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი,

20 მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.

21 თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტი იყო. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქრო იყო, როგორც გამჭვირვალე მინა.

22 ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.

23 ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, გასანათლებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე.

24 ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებასა და პატივს.

25 მისი კარიბჭენი დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ.

26 მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს.

27 ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი.

იოანეს გამოცხადება — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22