მთავარიბიბლიაქებათა-ქება სოლომონისა

ძველი აღთქმა · ქებათა-ქება სოლომონისა

ქებათა-ქება სოლომონისა 8

8

1 „ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუთა მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.

2 წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.

3 მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!”

4 „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!”

5 „ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?” „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

6 დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.

7 ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.”

8 „პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?

9 ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.”

10 „მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.

11 ჰქონდა ბაყალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი მოჰქონდა ყურძნის სანაცვლოდ.

12 ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, და ორასი – ნაყოფთა მცველების.”

13 „ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მასმინე მეცა!”

14 „გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს სურნელთა მთებზე.”

ქებათა-ქება სოლომონისა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8