1 „მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!” „რად უცქერდით სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხისაის?
2 როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში, ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
3 შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული.
4 ორი ძუძუ შენი ორი თიკანია, მაჩბივნი ნიამორისა.
5 შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6 შენი თავი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სამეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7 რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
8 შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები.
9 ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი.
10 შენი სასა ღვინოა კეთილი, ჩემი საყვარლისაკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
11 მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც.
12 მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე.
13 ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
14 სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.”