1 წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონის ძეთა ქვეყანა. და მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. და აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია.
2 აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი მისი თავიდან, და ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
3 და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხოცვა ხერხებით, რკინის საცეხვებითა და რკინის ცულებით. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში,
4 ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფიმელთა ერთი ძე, და დაზავდნენ.
5 და კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ბუნი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
6 და კვლავ ატყდა ომი გათში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა ნაშიერი იყო.
7 და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყას ძემ – დავითის ძმისწულმა.
8 ესენი შეეძინნენ რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ.